გია ვოლსკი: შაბათ-კვირას შეხვედრა უნდა შედგეს, ოპონენტებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ
“შაბათ-კვირას ეს შეხვედრა უნდა შედგეს. პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპონენტებმა თუ აქამდე, ვისაც პასუხისმგებლობა არ გამოუჩენია, ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს რეალურ შედეგებზე, რის წინაშეც შეიძლება საქართველო დააყენონ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპონენტები ხალხის ინტერესებიდან უნდა გამოვიდნენ და არა – საკუთარი პარტიის.
“10-ჯერ თუ 20-ჯერ გამეორების მიუხედავად, ვერ მივიტანეთ ჟურნალისტებამდე ვერანაირად, რომ ჩვენ, პარტიებს ეს თემა არ უნდა ჰქონდეს დღის წესრიგში წამოწეული, ვინ არის დათმობისთვის მზად და ვინ არა.
ჩვენ უნდა გადავხედოთ სიტუაციას, რის შესაძლებლობას გვაძლევს გეოგრაფია, რომ არ გავხადოთ სამაიმუნოდ და საღრიჯინოდ მაჟორიტარების სისტემა და უნდა დავაზუსტოთ, რამდენი შეიძლება ჰქონდეს პარტიას, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მართოს ქვეყანა ან დააკომპლექტოს მთავრობა. საზოგადოების ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე და არა იმ ინტერესებიდან, რომელიც შენს პარტიას აქვს, ამ თემაზე მიდის საუბარი. თუკი ეს შესაძლებელია რაიმე კონფიგურაციით, 5 დეპუტატია იქით, თუ 5 აქეთ, ეს რასაკვირველია, მიღწევადია, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვუპირისპირდებით საზოგადოების ინტერესებს, როცა ვლაპარაკობთ პარტიული ორგანიზაციების და მათი ინტერესების მხრიდან. ჩვენ მხარეს ეს არ ახასიათებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.