ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს თემაზე, “გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში” ტრენინგები ჩაუტარდათ, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგების ცნობიერების ამაღლებასა და შედეგად, სასწავლო პროცესებში გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა, ტრენინგების ფარგლებში, ძირითადი ყურადღება ახმეტის მუნიციპალიტეტში მიწის დეგრადაციის პრობლემასა და მინდვრის გადაწვის მავნე პრაქტიკაზე გაამახვილეს.

აგრარული სფეროს გამოწვევებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ისეთ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი სოფლად და მისი დაბინძურების გამომწვევი მთავარი მიზეზი – ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკა, ბიომრავალფეროვნების კარგვა და კლიმატის ცვლილება. თეორიულ ნაწილთან ერთად, ტრენინგები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა და მასწავლებლები და აღმზრდელ-მეთოდისტები აქტიურად ჩაერთნენ გამართულ დისკუსიებში.

მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები და სხვა სასწავლო მასალები გადაეცათ, რომელთა გამოყენებასაც სწავლებისას შეძლებენ.

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირების მიზნით, ტრენინგები დაგეგმილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებისთვისაც.

ტრენინგების ფარგლებში, სულ 200-მდე მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი. ტრენინგების შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელ-მეთოდისტები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ჩაერთვებიან და მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვისას მიღებული ცოდნის გამოყენებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები