“ტელევიზორს ნატრობენ, რომ მულტფილმის ნახვა შეძლონ”- ახალგაზრდა დედა სამ შვილს უკიდურეს გაჭირვებაში ზრდის (ვიდეო)

თელავში, ერთ პატარა, ნაქირავებ სახლში ახალგაზრდა ქალი სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. დედა, რომელიც სამი ბიჭის გაზრდას უფლის საჩუქარს ეძახის, ამბობს, რომ მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ღმერთის მადლობელია. სახლში შესვლისთანავე, საყოფაცხოვრებო ნივთების უქონლობას შენიშნავთ. თვალში მოგხვდებათ ერთი პატარა მაგიდა,რომელიც ბავშვების სამეცადინოდაა განკუთვნილი, სამი საწოლი, სადაც დედა შვილებთან ერთად იძინებს, თითო-ოროლა სკამი  და ასევე, თაროზე უფუნქციოდ შემოდებული, გაფუჭებული ტელევიზორი.

თეა კიკალიშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი ძირითადი საარსებო წყარო სოციალური დახმარებაა,რომელიც თვეში 450 ლარს შეადგენს. ამას ემატება მეუღლის მიერ, სხვადასხვა ქალაქში, ფიზიკური შრომით გამომუშავებული მცირეოდენი თანხა.

სამი ცელქი ბიჭის გართობა ცარიელ კედლებში ძალიან რთულია, თუმცა, ბავშვები მაინც ახერხებენ და თავისუფალ დროს მხიარულად ატარებენ.

როგორც თეა “რეგიონულ კვირას“ უყვება, სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკა არასდროს ჰქონიათ, რის გამოც ხშირად შექმნია პრობლემა.

“გაკვეთილების მომზადებას რომ მორჩებიან, ტელევიზორს ნატრობენ ხოლმე. დედა,ნეტავ, რამე მულტფილმს გვაყურებინა ეკრანზეო.ისინი თვითონვე პოულობენ გზას,რომ თავი გაირთონ და არ მაგრძნობინონ, რომ რამე აკლიათ. მაშინ, როცა ცივ წყალში ჯინსის შარვლების გარეცხვა მიწევს, ვნატრობ, მქონდეს სარეცხი მანქანა, რომ უფრო გამიადვილდეს საქმე”,-ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ოჯახის დიასახლისის თქმით, მისთვის ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს მაცივრის უქონლობა, რადგან ზაფხულში კერძის შენახვა უჭირს და ხშირად წვალებით გაკეთებული სადილი გადასაყრელი ხდება.

“ზაფხულში კერძს რომ გავაკეთებ მინდა შევინახო, თუნდაც საღამომდე, მაგრამ მაცივარიც არ მაქვს, რომ ბავშვების საჭმელი არ გამიფუჭდეს. რთულია გაზარდო სამი შვილი და პირობები ხელს არ გიწყობდეს,“-ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდა დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სამივე შვილი კარგად აღზარდოს და ცდილობს, თავისუფალი დრო მთლიანად მათთან ერთად გაატაროს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები