დავით ბაქრაძე: კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შევიმუშავეთ
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს, რაც გადასახადების შემცირებასა და საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს.
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, აღნიშნული შეღავათები ძალაში აპრილიდან უნდა შევიდეს.
„უმუშევრობა და ფასების ზრდა არის ორი მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები მხოლოდ გააღრმავებს ამ პრობლემებს. ამიტომ, მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, გადასახადების შემცირებითა და საგადასახადო შეღავათებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. კერძოდ, ქონების გადასახადის განახევრებითა და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აირიდოს სამუშაო ადგილების შემცირება და ადამიანების სახლში გაშვება. ამით შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს. ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით კი 8-10 თეთრით შემცირდება ბენზინის ფასი, რაც, ასევე, გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის კლებას და საშუალებას მოგვცემს, რაღაც პერიოდი მაინც თავიდან ავირიდოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.