გია ვოლსკი – „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პარტიები „მძევლებად აჰყავს”
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ არსებული საარჩევნო სისტემით გათვალისწინებული ბლოკებით და მაღალი ბარიერით სხვა პარტიებს „მძევლებად იყვანს“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტ-ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიები პოლიტიკურ ველზე იყვნენ წარმოდგენილნი.
„რაც არ უნდა დაპირისპირებული ურთიერთობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხარდაჭერა, წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკურ ველზე. დღეს არსებულ სისტემას თუ გავითვალისწინებთ – ბლოკებს და მაღალ ბარიერს – „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ამით იჭერს, „მძევლებად იყვანს“ სხვა პარტიებს. რაც უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთში, პარტია, რომლის არც სახელი ვიცით და არც ლიდერი, ნახევარ მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის ბლოკში. ასეთი ერთკაციანი პარტიების ჩამოთვლა შეიძლება. თუკი პარტიას საშუალება ექნება, რომ გარკვეული მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნეს პარლამენტში, იგი ათჯერ გაზომავს დამოუკიდებლობის ხარისხს და ფასს, რომელსაც იგი იხდის მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ ყოფნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1%-დან 3%-მდე ბარიერი არის შესაბამისობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.