გიორგი გახარია: პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, ეს ის ბრძოლაა, სადაც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ”,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრმა ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობისა და, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ არცერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ერთობლივი ბრძოლის ეფექტურობა.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკასა და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის მინიმიზაცია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები