მარიანა ჩოლოიანი სახელმწიფოს მიერ წაყენებულ არცერთ ბრალს აღიარებს
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მარიანა ჩოლოიანი დღეს პირველ პროცესზე წარდგა.
ბრალდებული გამომძიებელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე დასაკითხ პირთა შორის არასრულწლოვანებიც არიან, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების სახელმძღვანელოში დღემდე მხოლოდ ერთი პირის ჩვენებაა.
“სხვა ჩვენება ფიზიკურად არ არსებობს. სახელმწიფო ბრალდებას რაოდენობრივად ბევრი ადამიანი ჰყავს გამოკითხული, თუმცა ისინი მარიანა ჩოლოიანის ბრალზე არ საუბრობენ”, – განაცხადა გაგა მოსიაშვილმა.
მომდევნო პროცესი 9 მარტს, 11:00 საათზე არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.