სვანეთში, მთის კურორტ თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 3 ტურისტი დაიღუპა. „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, სტიქიას ოთხი ადამიანი გადაურჩა, ექვსი კი ზვავმა მოიყოლა.
„მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს. “მთის კურორტების განვითარების კომპანია” მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.