ლადო კახაძე: პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა, რაც დემოკრატიისთვის ხელისშემშლელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  ყოველწლიური მოხსენება შეაფასა.

მან პრეზიდენტის მოსაზრება გაიზიარა და, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სიძვა, უხეშობა, უზრდელობა, პოლარიზაციას ხელს უწყობს და დემოკრატიისთვის ხელისშემშლელია.

“მისი სიტყვის კონსტრუქციას მთლიანად ვეთანხმები, სადაც ადგილი დაუთმო და აქცენტები დემოკრატიის საწინააღმდეგო მხარეს გადაიტანა.
პოლარიზაცია დიაცახ, დემოკრატიის საწინააღმდეგო მხარეა. ჩემთვისაც ასეა აღქმული.

პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა, შური, უნდობლობა, დაძაბულობა და დემოკრატიას ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ დემოკრატიის მთავარი მტერი პოლარიზაციაა.

​„ამ ყველაფერთან ერთად, გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით, თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ისაა, რომ რეფორმების ბოლო ტალღა ყველაზე რთულია და რომ არცერთი მიღწევა საბოლოოდ არაა გარანტირებული. ამიტომ სჭირდება დემოკრატიას გაფრთხილებაც და ერთიანობაც. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები