ლაშა დარსალია, სამუშაო ვიზიტით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, სამუშაო ვიზიტით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანლის მოადგილე შეხვდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლისა და ლორდთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბარონეს ანელაის; ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისა და მრავალმხრივი პოლიტიკის დირექტორატების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს.
შეხვედრებზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ დინამიკასა და მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივი, ისე – მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, რაც პასუხობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს, მათ შორის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვის თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა გასული წლის 21 ოქტომბერს ქ. ლონდონში ხელმოწერილი „საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების” მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისათვის.
ბრიტანეთის მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებზე, მცოცავ ოკუპაციაზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვაზე როგორც ცხინვალის, ისე – აფხაზეთის რეგიონებში, რამაც ადგილზე უკვე გამოიწვია ჰუმანიტარულ კრიზისი. საუბარი შეეხო, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და აღინიშნა ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობა რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის აუცილებლობას.
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში დიდი ბრიტანეთის შემდგომი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ინსტიტუტში – Royal United Services Institute (RUSI) საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „ბოლო განვითარებები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიმართულებით”.