რუსულ სოცქსელებში “ფეიქნიუსები” ვრცელდება, რომ მოსკოვში კორონავირუსით 20 000 ადამიანია დაინფიცირებული
კიბერუსაფრთხოებაზე სპეციალიზებული კომპანიის, Group-IB-ის განცხადებით, რუსულ სოციალურ ქსელ Вконтакте-სა და მესენჯერებში ბოტები მასობრივად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას მოსკოვში კორონავირუსის აფეთქების შესახებ.
კომპანიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ყალბი ხმოვანი შეტყობინებებების 12 000-ზე მეტი გაზიარება. მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს მოსკოვში 20 000 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, თუმცა მთავრობა ამას მალავს, რათა ამან საფრთხე არ შეუქმნას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაგეგმილ კენჭისყრას.
Group-IB-ს ვარაუდით, ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია „მოსკოველებს შორის პანიკური განწყობების გაძლიერება“. მსგავსი ამბების „გაჟონვა“ ხდებოდა სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ჯგუფებში, დედების ჯგუფებში და ა.შ. კომპანიამ განაცხადა, რომ დაწყებულია მისი დამკვეთებისა და შემსრულებლების ძებნა.
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 6 შემთხვევაა დაფიქსირებული.