ავთანდილ თალაკვაძე: დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს, წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ ყველა ღონისძიება მაქსიმალურად გატარდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, ყველა მგზავრმა, რომელიც ქვეყანაში რისკზონიდან შემოდის, არ დამალოს სიმპტომები, რომელიც აქვთ.
თალაკვაძემ მედიას ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად გატარდეს ყველა ღონისძიება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც გააჩნიათ, არ დამალონ სიმპტომები, რომელიც აქვთ. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, ყველა იმ რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიოს აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გადატვირთვა, რათა უზრუნველყონ გადაუდებელ გამოძახებებზე დროული მისვლა. გუშინ, 112-თან შეთანხმებით, დამატებითი ფილტრაციისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე აკეთებს რეაგირებას, ატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა საჭიროებს გადაყვანას, გადაგვყავს შესაბამის კლინიკაში. ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკებში კი 35 პირია მოთავსებული. 24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600-მა ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მედიას მინდა, ვთხოვო, დაიცვან უსაფრთხო პერიმეტრი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მადლობა მინდა, გადავუხადო მედიას, რომ ასე თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.