ამირან გამყრელიძე: ტალახიც უსვრიათ, ვიღაცას ვუქივარ, და ა.შ. მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას

რაც გუშინ ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა, პირადად ჩემს მიმართ, მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას, რადგან დიდი გზა მაქვს გავლილი, ტალახიც უსვრიათ, ვიღაცას ვუქივარ, და ა.შ. მაგრამ ცუდია, როცა ამას დაუმსახურებლად გიკეთებენ, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი კრიტიკის ღირსი არ არიან.

„მინდა, ყველა ჩვენს თანამშრომელს, ეპიდემიოლოგებს, მთლიანად ლუგარის ცენტრის ლაბორატორიის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც ისინი ეწევიან, ისინი არ არიან ღირსი იმ კრიტიკისა, რომელიც ზოგიერთმა არხმა გააჟღერა. მათ შეურაცხყოფა მომაყენეს პირადად მე, ჩვენს გუნდს, პაატა იმნაძეს, მთლიანად “დაავადებათა კონტროლის ცენტრს”, თითქოს ჩვენ არ ვიყავით მზად სათანადოდ. თავს ვარიდებთ თითქოს, ხალხთან საუბარს. დამიდასტურეთ, გესაუბრებით თუ არა ყოველდღე? გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რომელზედაც თქვენ პასუხს არ გცემთ? ვიქცევი ცუდად? მითხარით, პირდაპირ მითხარით, ვიყავით იმის ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ინფექციური ცენტრალური საავადმყოფო, რაც ჟღერდება ამასთან დაკავშირებით? მე მოკლედ გეტყვით, არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ მხოლოდ მოკლედ გეტყვით – რაც გუშინ ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა, პირადად ჩემს მიმართ, მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას, რადგან დიდი გზა მაქვს გავლილი, ტალახიც უსვრიათ, ვიღაცას ვუქივარ, და ა.შ. მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ პირადად მან. მადლობა მინდა, ვუთხრა იმ ექიმებს, ვინც იმ გადაცემაში ისხდნენ, არც ერთი არ აჰყვა. ისინი არიან მაღალპროფესიონალი ხალხი. ვახო კალოიანი, მადლობა მას. ზურა გურული ამერიკიდან, ირმა კვიცარიძე ავსტრიიდან, ბუთხუზი, ერთ-ერთი წარმატებული კაცი, რომელმაც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ შექმნა ქვეყანაში. ექიმი, ინფექციონისტი, არც ერთი არ აყვნენ ამ პოლიტიკურ აჟიოტაჟს. მას სურდა, რომ ჩავეთრიე. გუშინწინ, როცა ნიკა მელაპარაკა, დავთანხმდი, რომ მივიდოდი მასთან ეთერში და ვისაუბრებდი, როგორც თქვენთან ერთად და ბევრ ეთერში ვსაუბრობ. ვისაუბრებდი იმაზე, რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს, რას ვაკეთებთ, რას ვერ ვაკეთებთ, რა გვიჭირს, რაში გვინდა დახმარება, ღია ვართ ამასთან. დავთანხმდი ამაზე, ოღონდ, პირობით რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. ავუხსენი, 2004 წლიდან, როცა დავტოვე პოლიტიკური თანამდებობები, აღარ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს, არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა, ძალით უნდოდათ გუშინ იქ ჩემი პოლიტიკურ დისკუსიაში და დადგეს მერე პოლიტიკური შოუ, რაც ნახეთ იქ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნით გამოყენება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დღეს ერთმანეთის სოლიდარულები ვართ, და უნდა ვიყოთ. ეს ზეპარტიული საკითხია, მე ნაწყენი ვიყავი მათზე, როდესაც ჩაფლავება და ჩავარდნა თქვეს ყველაზე დიდ პროგრამაზე, ჰეპატიტის ელიმინაციაზე, რომელიც დღეს ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნით გამოიყენო. ვუთხარი მათ, განსაკუთრებით მეწყინა, როცა ლუგარის ცენტრზე „გაისეირნეს“ კიდევ ერთხელ. ნახეთ, როგორ მუშაობს ეს ცენტრი, როგორი დატვირთვით და თითქოს იქ სხვა პასაჟები იყო. თუ ოდესმე, რომელიმე არხს დაგაინტერესებთ, პაატა იმნაძე და მე, სიამოვნებით მოგცემთ მთელ ისტორიას, როგორ დაიწყო ლუგარის ცენტრისა და ამ დიდი პროგრამის განხორციელება ქვეყანაში. ვინ იდგნენ სათავეებში, ვინ იყვნენ გადამწყვეტი პირები, ვინც ეს უზარმაზარი სიმდიდრე საქართველოს მოუტანა. როგორ ვერ მუშაობდა ლუგარის ცენტრი სამი წლის განმავლობაში, როცა ის ოფიციალურად გაიხსნა, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ დაუბრუნდა 2013 წელს, როგორც იყო ეს განსაზღვრული პირველი ხელშეკრულებით. დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და იბრალებს, რომ მე… მე… მე. პაატას და მე არასდროს გვითქვამს, რა წვლილი გვაქვს ამ საქმეში შეტანილი თავის დროზე. იმ დროს, როცა ყველა ცუდად ახსენებს, დაწყებული 2000 – 2001- 2002 -2003 და ა.შ. როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ამიტომ, გთხოვთ, დღეს თავი დავანებოთ ყველანაირ პოლიტიკურ სპეკულაციას. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი, ყველას გვინდა, ამ ქვეყანაში იყოს განვითარება. ჩვენ ყველამ დროზე უნდა დავამარცხოთ ეს ინფექცია, პირველმა, საქართველომ უნდა დაამარცხოს „ცე“ ჰეპატიტი და იყოს ელიმინირებული „ცე“ ჰეპატიტისგან. ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ ერთად ვიქნებით და არა ისევ და ისევ მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიზნით დავდგამთ სხვადასხვა შოუებს. წერტილი“,- განმარტა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები