ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიაში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს იტალიაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

იტალიის ელჩის ინფორმაციით, იტალიის 6 რეგიონში და 11 მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. შეხვედრისას, ელჩმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ღონისძიებებს მიმართავს იტალიის მთავრობა ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის, მათ შორის იმ აკრძალვებსა თუ შეზღუდვებზე რაც დაწესებულია მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის მართვის, საჰაერო მიმოსვლის, სადეზინფექციო, დაავადების დიაგნოსტიკის, შიდა მიმოსვლის, სწავლის პროცესის შეჩერება/გადადების, სახელმწიფო უწყებების მართვის კუთხით და ა.შ. მხარეებმა იტალიის მიმართულებით ცალკეული ქვეყნებისა და ავიაკომპანიების მხრიდან მგზავრობისა დაფრენების შეჩერების საკითხზე და აღნიშნულის გათვალისწინებით იტალიის მთავრობის სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია გაცვალეს.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ რეგულაციებზე და ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით ატარებს.

მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან აქტიურად განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები