გიორგი კახიანი: თანახმა ვართ, რომ არათუ 30, არამედ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება
“თანახმა ვართ, რომ არათუ 30, არამედ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფა მეტნაკლებად შესაძლებელი იქნება, თუ საუბარი ორმოც მაჟორიტარულ ოლქს შეეხება.
„ამ შეხვედრის შემდეგ, ვფიქრობ, რეალურად გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე შევთანხმდით. ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, ჩვენ რამდენჯერმე გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი. ახლა, როდესაც ოპოზიცია რისკებს აჟღერებს, თითქოს ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი იძლევა შესაძლებლობას, 30%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიამ უმრავლესობა დააკომპლექტოს, ეს, რა თქმა უნდა, არის სრული აბსურდი, გამორიცხულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანახმა ვართ, რომ არათუ 30, არამედ 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება. ამის გაწერა კანონმდებლობაში ძალიან მარტივად შეიძლება. თუ ამაზე არსებობს თანხმობა, ძალიან მარტივად გავწერთ, რაიმე სამართლებრივ სირთულეს, ეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება პროპორციების გადანაწილებას, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება რაიმე გონივრულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. ის, რომ იყოს 20 მაჟორიტარული ოლქი, გონივრულ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან შეუძლებელია, მაგალითად, ნახევარ იმერეთს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ თანახმა ვართ, ვისაუბრებთ ორმოც მაჟორიტარულ ოლქზე, ამით მეტნაკლებად შესაძლებელია, გონივრულად საქართველოს ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფა. ხუთი, 10 და 20 მაჟორიტარის პირობებში შეუძლებელი იქნება მაჟორიტარების მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.