ისრაელში მეცნიერები კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას რამდენიმე კვირაში დაასრულებენ
ისრაელის გალილეის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები, კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას, დაახლოებით, სამ კვირაში დაასრულებენ, თუმცა მედიკამენტი ხელმისაწვდომი 90 დღეში იქნება.
ამის შესახებ ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ოფირ აკუნისმა განაცხადა, წერს i24news.tv.
The Jewish Press-ის ინფორმაციით, მეცნიერების ჯგუფმა ფრინველის ინფექციური ბრონქიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, ამჟამად კი, მას ადამიანისთვის განკუთვნილ ვაქცინასთან ხდიან ადაპტირებულს.
MIGAL-ის კვლევამ აჩვენა, რომ შინაური ფრინველების კორონავირუსის გენეტიკა, ადამიანებში გავრცელებულ კორონავირუსს ჰგავს, ის დაინფიცირების იგივე მექანიზმს გადის.
„ვულოცავ MIGAL-ს ამ გარღვევას. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი სწრაფი წინსვლა იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს საჭირო პასუხი უზრუნველვყოთ გლობალური საფრთხისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
MIGAL-ი გალილეაში მდებარე კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ბიოტექნოლოგიის, გარემოდაცვითი მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სფეროებში სპეციალიზირდება.