ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წლის ანგარიში წარადგინა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძემ ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მან ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც უკვე განხორციელდა .
ასევე, საქმიანობის ანგარიში წარადგინეს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებმა.
“დღევანდელი ჩემი ანგარიში ერთგვარი შეჯამებაა ჩვენი ერთწლიანი საქმიანობისა, დღეს, ჩემთან ერთად გასული წლის საქმიანობაზე თავიანთ ანგარიშს წარმოადგენენ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები კომისიის საქმიანობის შესახებ, გამომდინარე აქედან, მე მოკლედ შემოვიფარგლები იმ ძირითადი მიმართულებებზე რაზედაც საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს, კომისიებს, ფრაქციებსა და საკრებულოს აპარატს უწევდა წლის განმავლობაში მუშაობა.
ამ ხნის მანძილზე, საკრებულოს ხელმძღვანელობა, საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მე ვთვლი, რომ განვლილ პერიოდში საკრებულოს საქმიანობა იყო ნაყოფიერი, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა იმ პრობლემებიდან და საკითხებიდან, რომლებიც აწუხებს ჩვენს ამომრჩეველს”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შალვა მშვილდაძემ ყურადღება იმ სიახლეზე გაამახვილა, რომელიც საკრებულოს კომისიების ჩატარების პრაქტიკაში პირველად დაინერგა, რაც გასვლითი სხდომების ჩატარებას და საკითხების განხილვაში მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობდა.
მისივე თქმით, გასულ წელს სიახლე იყო ისიც, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ოფიციალურად დააწესეს კვირაში ერთი დღე ამომრჩეველთა მიღებისათვის.
საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის ანგარიში დადებითად შეაფასეს.
ანგარიშის წარდგენას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.