თამარ ჩუგოშვილი საარჩევნო სისტემაზე: კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, უმჯობესია ყველა პოლიტიკური პარტია კომპრომისზე წავიდეს, რათა მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნორმალური სისტემა მივიღოთ.
„ეს ოფიციალური შეხვედრები არ არის და ამ შეხვედრებზე ვერც ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. ეს არც არის მიზანი. აზრების გაცვლა ხდება. დეტალებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ. არ ვიცი, სხვებმა რამე კონკრეტული განცხადებები გააკეთეს თუ არა, მაგრამ არ ვაპირებ, დეტალებზე ვისაუბრო. იყო სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობა. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა, რათა, საერთო ჯამში, 2020 წლის არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო სისტემა. ძნელია საუბარი, ამის შანსი არსებობს თუ არა იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია სხვაობა პოზიციებს შორის და ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა შეხების წერტილები.
ბევრი ვერსიაა, რომელზეც მიდის პარალელურად საუბარი. ნამდვილად ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ დიალოგის პროცესს და დიდი მოლოდინი არასდროს მქონია. არ ვიცი, რეალურად ამ ოთხ დღეში მოხდება თუ არა შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური ძალა თუ გარკვეულ დათმობაზე წავა და ცოტას დათმობს თავის პრინციპული პოზიციებიდან, შესაძლებელია, მოხდეს, მაგრამ ამასთან ახლოს არ ვართ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.