მიურატების ოჯახი სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვს (video)

სამეგრელოს მთავრების, დადიანების შთამომავალი მიურატების ოჯახი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მდებარე მიწის ფართობის დაკანონებას და საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. საუბარია 7 ჰექტარამდე მიწის ფართობზე, რომელიც მიურატების განცხადებით, მათ მემკვიდრეობით მიიღეს.

მიურატების ოჯახის წარმომადგენლის, სვეტა ქირიას განცხადებით, დადიანების შთამომავლებს, მიწის დაკანონების შემთხვევაში, ტურისტული მიმართულებით განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა სურთ, რომელიც მიურატების განმარტებით, ქართულ-ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ალენ და ვერონიკა მიურატების განცხადებით, 25 წელია რაც ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ყველა ხელისუფლების პირობებში, აღნიშნული პრობლემის მოგვარება, მხოლოდ დაპირებად რჩება.

“ეს სასახლე სამეგრელოს ისტორიაა. სოფელში ძალიან ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს აქაურობა. გვინდა, გავარემონტოთ სასახლე, გავაშენოთ ვენახი. გვინდა ბევრი შინაური ცხოველი გვყავდეს,აღვადგინოთ მარანი და ეს ტურისტებისთვის საინტერესო იქნება“, – ამბობს ვერონიკა მიურატი.

სახლი ჭკადუაშში, სადაც მიურატები 2014 წლიდან ცხოვრობენ, მე-18 საუკუნეშია აშენებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის მიხეილ ჭკადუას განცხადებით, აღნიშნული მიწა, რომლის დაკანონებაც მიურატებს ​ სურთ, სახელმწიფოს საკუთრებაა.

მისივე განმარტებით, არსებობს სამართლებრივი გზები, რომლის მიხედვითაც მათ ამ მიწის დაკანონება კანონიერი გზით შეუძლიათ. მიურატების მტკიცებით, ჭკადუაშში აღნიშნული მიწის ნაკვეთი მათ მემკვიდრეობით ერგოთ, თუმცა როგორც თვითონ ამბობენ, ამ ეტაპზე მათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები