ვანო მაჭავარიანი: ლარი იპოვის წონასწორობის ნიშნულს, ხელოვნური ჩარევისგან თავი უნდა შევიკავოთ
რა პერსპექტივა აქვს ლარს, გამყარდება თუ გაუარესდება, ფინანსთა მინისტრს პროგნოზის გაკეთება უჭირს.
„როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლაც, როცა მყარდება, ვამბობდით და ვამბობთ, არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამ მიმართულებით პროგნოზს არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, დღეს ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მიუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს და ამ დიაპაზონში ვდგავართ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება ერთ თვეში ან სამ თვეში, ამაზე არც არავინ არ უნდა გააკეთოს პროგნოზი“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ფინანსთა მინისტრის მოსაზრებით, ლარის გაუფასურება ან გამყარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საგარეო ფაქტორებზე, ისეთი როგორიცაა კორონავირუსი, თავისი თანმდევი შედეგებით, ასევე ტურიზმი და სხვა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლარი იპოვის წონასწორობის ნიშნულს და ხელოვნური ჩარევებისაგან თავი უნდა შევიკავოთ.
ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებში გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი დღეს 2.7946 ლარი ღირს.