სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად
საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020″ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული სარეზოლუციო კანონი ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო ძლიერს ხდის.
„ფინანსური სექტორი საქართველოში წარმატებულია, ეს ჯანსაღი სტრუქტურაა, კარგი ზედამხედველობით. პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული სარეზოლუციო კანონი კიდევ უფრო ძლიერს ხდის ფინანსურ სექტორს. საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ამასთან ძალიან კარგად მოახდინა ექსპორტის დივერსიფიკაცია. იმედია, ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობ, საჭიროა ეკონომიკური ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სერვისისა და წარმოების სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს მთავრობისთვის დღეს განათლების სფერო პრიორიტეტულია, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ხელს შეუწყობს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრების მომზადებას,” – აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი.