მიხეილ ჩხენკელმა ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესორ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება პირადად მიულოცა.

“პროფესორ ბალცეროვიჩის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, რომელიც „ბალცეროვიჩის გეგმის“ სახელით არის ცნობილი, მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებზე, მათ შორის, წვლილი შეიტანა საქართველოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლაში. მისი მრავალწლიანი კარიერა არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ითვლის და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პროფესორ ბალცეროვიჩს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამით ვადასტურებთ მის მაღალ აკადემიურ მიღწევებსა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი პროფესორ ბალცეროვიჩის მიღწევების მნიშვნელობას, მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ლეშეკ ბალცეროვიჩისთვის საპატიო დოქტორის წოდება მინიჭების ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე უძღვებოდა.

ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი პოლონელი ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორია. 1989 წელს იგი გახდა ტადეუს მაზოვიეცკის პირველი არაკომუნისტური მთავრობის ფინანსთა მინისტრი და ხელმძღვანელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის შედეგად პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის მოადგილის და სხვა მაღალი რანგის თანმდებობებს.

ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. წარმატებული კარიერის განმავლობაში, მას ისეთი პრესტიჟული ჯილდოები აქვს მიღებული, როგორებიცაა: ლუდვიგ ერჰარდის სახელობის პრემია, ტრანსატლანტიკური ლიდერების ჯილდო, კარლ ბერტელმანის პრემია (Carl Bertelsmann Prize) და სხვა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები