გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა
ფრაქცია „მწვანეების” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება.
როგორც გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა.
„საბჭოთა კავშირის დროს სერიული მკვლელი ჩიკატილო იყო, რომელმაც 56 ადამიანი მოკლა. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მისი ოპერაციების დროს 70 ადამიანზე მეტი ქუჩაში მოკლეს. მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში 42-ათასზე მეტი საჩივარია შესული და დაველოდოთ პროცესებს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მაგალითი მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს: „ის იყო პოლიტპატიმარი. მისი მაგალითი უნდა იყოს მომავლისთვის გაკვეთილი, რომ არავის მიმართ იგივე რამე არ მოხდეს”.