“კითხვაზე ვინ გაფინანსებთ? ვპასუხობდი კეზერაშვილი” – კეზერაშვილი-კაკაბაძის სასამართლო პროცესი 10 მარტს გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლო კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 10 მარტს გამოაცხადებს.
ამის შესახებ კაკაბაძემ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
უფლებადამცველისთვის გაუგებარია “რა ხდება სასამართლოებში მაშინ, როდესც კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ არის გამოკვეთილი მოსარჩელე, სასამართლო ვერ განიხილავს, და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილება ვერ დადგება. ამ დროს გადაწყვეტილება დადგა”.
“პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, არაერთხელ მითქვამს, რომ როდესაც ირონიული შეკითხვა ისმოდა, თუ ვინ გაფინანსებთ? ასეთივე პასუხს ვცემდი – კეზერაშვილი თქო, ისევე როგორც მიშა სააკაშვილი ხშირად ამბობს – ქიბროწაშვილს, მეც ვთქვი კეზერაშვილი.
უცებ ვხედავ, რომ კეზერაშვილს სარჩელი შეაქვს და სასამართლო ამას იღებს წარმოებაში და გამოაქვს გადაწყვეტილება, თუმცა დავით კეზერაშვილი არ დამისახელებია. თქვენ წარმოგიდგინათ, რამდენი კეზერაშვილი არსებობს, იმდენს რომ შეეტანა სარჩელი, ისე იგი სასამართლო 100 ათასი კეზერაშვილის სარჩელს განიხილავდა და მასზე იმსჯელებდა?! ჩემთვის ეს იყო კეზერაშვილის სასამართლო, რომელმაც საქმე განიხილა, და მეორე, რასაც ის დაობს – მორალურ და მატერიალურ ზიანს და თხოულობს ერთ ლარს. სააპელაციოში შევიტანე ეს საქმე, და პროცესი ორი დღის წინ იყო და 10-ში იქნება სააპელაციოს გადაწყვეტილება, და იქ დაისვა ეს კითხვა „ეს ზიანი რაში გამოიხატება, რა ზიანი მიადგა კეზერაშვილს, თუნდაც ერთი ლარის?“ რომ მე მას ლარი გადავუხადო, მათხოვარს, კაცს, რომელიც ხელისუფლებიდან წავიდა და ორ წელიწადში გაუგებარი გზებით მილიარდერი ხდება, რომ მთხოვს ლარს, მაინტერესებს ზიანი სად მიადგა?!
ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ კეზერაშვილი მართალია, მან ეს პროცესი მოიგო. სააპელაციოში ის გავასაჩივრე, რომ რის საფუძველზე არის დავით კეზერაშვილი დაზარალებული და არ არის მაგალითად, ქეთინო კეზერაშვილი, ან ნინო, ან მაია, ან შოთა. რატომ დავით კეზერაშვილი? უნდა გავიგოთ, პროცესზე ვისია ეს სასამართლო, უნდა დავსვათ კითხვა კეზერაშვილის არის და კეზერაშვილებისნაირების არის სასამართლო, თუ დამოუკიდებელი და თავისუფალი“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.