არასრულწლოვნების დედა და დეიდა, რომლებიც ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, დამნაშავედ ცნეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.პ-მ და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი – 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ.

“სამართალდამცველებმა ქ.პ. და ა.პ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციარულ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით. ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციარულ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,” – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები