თეა წულუკიანი: ბოკერია და სხვები მერაბიშვილს ატყუებდნენ, არადა ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როცა მან სრულად მოიხადა სასჯელი
ვანო მერაბიშვილს ეუბნებოდნენ, რომ იყო პოლიტპატიმარი, ეს იყო სიცრუე, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერისა და ექს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
წულუკიანის თქმით, მერაბიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა.
“ვანო მერაბიშვილმა სრულად მოიხადა სასჯელი. რაკი ის თავისუფალია, მინდა მწვავედ შევაფასო მისი საერთაშორისო დონეზე ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც, კვირა ერთი იყო და რამდენჯერმე პატიმარს ტელევიზიის მეშვეობით უთვლიდნენ ტყუილებს. ეუბნებოდნენ, რომ შენ გაღიარეს პოლიტპატიმრად, ეს იყო სიცრუე. სამწუხაროდ, მე ხანდახან, მას შემდეგ რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა ვარ ხოლმე მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმართან მიმართებაში, როდესაც მას ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს. ბატონი ბოკერიათი დაწყებული მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, ამ პატიმარს ძალიან ბევრს ტყუილს მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ, არადა ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როცა მან სრულად მოიხადა სასჯელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას ახლობლები და თანაგუნდელები დახვდნენ.