ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივანთან საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად დაიწყო და საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას ბალანსის დაცვა, დემოკრატიული და კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფციაზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 2019 წლის მარტში მოამზადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები