მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა იქნება დღეს და მას მხარს დავუჭერთ

ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღევანდელ სხდომაზე გაიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭისყრამდე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გასული წლის ანგარიშის წარდგენა.

„ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა იქნება დღეს, მაგრამ მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც იქნებიან მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული საზოგადოება მოისმენს, რას აკეთებდა პარლამენტი 2019 წელს. 400-ზე მეტი კანონი მიიღო პარლამენტმა 2019 წელს, რაზეც ჩვენი ოპონენტები არ საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და სტრასბურგის სასამართლომაც გასცა რეკომენდაციები. გელაშვილის საქმე, სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურატურასაც აპროტესტებს ის ხალხი, რომლების არჩეულ გენპროკურორს არც კი ვკადრებ რომ შევადარო ირაკლი შოთაძე. მათ ჰყავდათ ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი პროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანის დასჯააზე, ქონების წართმევაზე და ა.შ.“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, შოთაძის კანდიდატურას “ქართული ოცნების” გუნდი მხარს დაუჭერს.

არჩევის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები