ირაკლი შოთაძე კომიტეტზე მომხდარ ინციდენტზე – თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, მწარედ ცდებიან
გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისას მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.
შოთაძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ მისი ხედვები და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს.
თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია – მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“ . ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა“, – აღნიშნა შოთაძემ თავისი ხედვის წარდგენამდე.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. მათ კომიტეტი უკვე დატოვეს.