ბექა ნაცვლიშვილი: რეგულაციები მნიშვნელოვანია, რათა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობები საბაზისო დონეზე მოწესრიგდეს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში”, მის მიერ მომზადებულ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება მოწესრიგდება, დამსაქმებელს კი სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება დაეკისრება.

“კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწესრიგდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება, დამსაქმებელს დაეკისრება სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება, მოხდება არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირება და ცვლებს შორის შესვენების ხანგრძლივობის განსაზღვრა. კანონპროექტის მიზანია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროებში ცვლილებების შეტანის საფუძველზე, საქართველოს მიერ დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების განხორციელება. დასაქმების ადგილი არის ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვანია, რადგან მათ საფუძველზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობები საბაზისო დონეზე მოწესრიგდება. კანონპროექტზე იმუშავა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელმა, აქედან გამომდინარე, საკითხზე მუშაობისას მაქსიმალურად მოხდა მათი სურვილების, საჭიროებების, სპეციფიკისა და მოსაზრებების გათვალისწინება. ამჟამად კანონპროექტის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნაში მხოლოდ ერთი შენიშვნაა წარმოდგენილი, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები