მათიკაშვილი: შოთაძის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება, რომელიც სწორედ “ნაცმოძრაობის” დროს იყო ჩადენილი
ირაკლი შოთაძის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება და გახსნა, რომელიც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო ჩადენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გაღიზიანება ერთგვარი ინდიკატორია, რომ ირაკლი შოთაძე მხარდაჭერას იმსახურებს.
“ჩვენი ოპონენტები – “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები ვერ მალავენ გაღიზიანებას და აგრესიას ირაკლი შოთაძის მიმართ. ეს გასაგებიცაა, რადგან სწორედ ამ პიროვნების სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება და გახსნა, რომელიც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” იყო ჩადენილი. მათი გაღიზიანება ერთგვარი ინდიკატორიცაა, რომ, დიახ, ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებას მხარდაჭერას,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.