“როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?” – მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედიაორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა.
“როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?” და გავაშუქოთ ამბავი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
როგორც “კვირას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა: ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა.
როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად, ასევე, როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი – აღნიშნულ საკითხებზე ჟურნალისტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ტრენინგი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა გააანალიზეს მოვლენები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა მათ გარეშე არ იქმნება სრული სურათი. ჟურნალისტებმა ტრენინგის ფარგლებში ასევე, გააანალიზეს ამბის წინა ისტორია და განსაზღვრეს მომავლის დრამატურგია.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.