დავით ზალკალიანი მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, “The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial”, რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ.
დავით ზალკალიანი ევროპელ და აზიელ კოლეგებთან, წამყვანი ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შედიან.