ლაშა დარსალია: საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

ამის შესახებ დარსალიამ თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს სამდივნოსთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია.

„მოგეხსენებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და შესაბამისად, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ ევროსაბჭოს წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვართ კონსულტაციების რეჟიმში, როგორც პარტნიორებთან, ასევე ევროსაბჭოსა და მის სამდივნოსთან. ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთიდან, ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა დარსალიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, სენატორ გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლობის დონე ჯერ განსაზღვრული არ არის.

თბილისში, 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის შემადგენლობაში რუსეთის დელეგაციაც შედის.

დელეგაციის წევრების ნაწილს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც ტრადიციულად დელეგაციას ხელმძღვანელობს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული.

ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს პრინციპები და ის საერთაშორისო ნორმებს სცემს პატივს, შესაბამისად, ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის წევრებს, კანონის გვერდის ავლით, შემოუშვებენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა სხდომის ჩატარების ერთ-ერთ ვარიანტად სტრასბურგს განიხილავს.

თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნეს, საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები