გოჩა თევდორაძე: თუ უგულავას ბრალი დადასტურებულია, პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, მაგრამ მთავარია, რა კონტექსტში ხდება ეს
თუ გიგი უგულავას ბრალი დადასტურებულია, რა თქმა უნდა, პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, მაგრამ მთავარია, რა კონტექსტში ხდება ეს, დროის რა მონაკვეთში , რა მოვლენებს ემთხვევა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თევდორაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავას დაკავების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.
„თუ გიგი უგულავას ბრალი დადასტურებულია, რა თქმა უნდა, პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, მაგრამ მთავარია, რა კონტექსტში ხდება ეს, დროის რა მონაკვეთში, რა მოვლენებს ემთხვევა. რა თქმა უნდა, ძალზედ ბევრია კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს ხომ არ არის პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება.
იმიტომ, რომ 2013 წლიდანაა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, 2020 -ში დგებოდეს ეს განაჩენი, მით უმეტეს, უკვე მესამედ ,რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე არის რიგი სხვა საკითხები, მაშინდელი სახელმწიფო მბრალდებელი, ამჟამად გვევლინება მოსამართლედ და ბრალდება რასაც ითხოვდა იმ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს. იმდენად ბევრია ასეთი კითხვის ნიშნებია, ცხადია ასეთი გამოხმაურება იქნებოდა დასავლეთში , აშშ-ში და ჩვენი ხელისუფლება იმკის იმას, რაც დათესა. ხელისუფლება უნდა იყოს უფრო თანმიმდევრული , ადეკვატური , თუმცა ის ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური და არათანმიმდევრულია”- განაცხადა თევდორაძემ.
გოჩა თევდორაძე ვროპარლამენტარების მიერ გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.
„ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში ჰგონია , რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები რაიმე შედეგის მომტანია. ამაში გვარწმუნებდნენ ჩვენ, როდესაც თალაკვაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიგეგმა აშშ-ში . ვხედავთ, რომ მოკლევადიანი გათვლაა ხელისუფლებისგან იმაზე, რომ დასავლეთიდან წამოსულ რაღაც პროცესებს დააკავებს.
როდესაც ასეთი მოწვევა ხდება , თუ ის ადამიანები დაადგენენ უგულავას ბრალი არსებობს თუ, არა იმ საკითხში რომელშიც მას აქვს ბრალი წაყენებული, ამავდროულად უთუოდ ნახავენ იმ პროცედურულ დარღვევებს , იმ დროსა და სივრცეში აცდენილ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია სასამართლოს მიერ”- განაცხადა თევდორაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, გადაწყდა, რომ ევროპარლამენტარების მონაწილეობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება. ვოლსკიმ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
„უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს, თუ რა მოხდა.
ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
თამუნა შეყილაძე