გორში ცნობილი ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართა
გორის სამხატვრო სკოლაში ცნობილი ქართველი მხატვრების, გელა ფილაურისა და ანგელინა დამენიას გამოფენა, სახელწოდებით “დიაპაზონი – კლასიკიდან მოდერნამდე” გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს და შიდა ქართლის მხატვართა კავშირის ხელმძღვანელები, ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ექსპოზიცია “დიაპაზონი – კლასიკიდან მოდერნამდე” ანგელინა დამენიასი და გელა ფილაურის პირველი ერთობლივი გამოფენაა, რითაც წარმოშობით გორელი მხატვარი გელა ფილაური მშობლიურ სამხატვრო სკოლაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა. პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,ქართლის პალიტრა” მან გორში ერთი წლის წინ გამართა. ქართველი მხატვრების წყვილი საზღვარგარეთ უფროა ცნობილი, ვიდრე საქართველოში. ისინი სხვადასხვა კონკურსებსა და მსოფლიო დონის გამოფენებზე მონაწილეობენ და არაერთი კონკურსის გამარჯვებულები არიან.
2019 წელს, ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ნაშრომები ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში, ისეთი ნამუშევრის გვერდით გამოიფინა, როგორიცაა მიქელანჯელოს – “დავითის” პორტრეტის ფრაგმენტი. ქართველი მხატვრებიდან დამენია და ფილაური პირველები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ვატიკანმა უმასპინძლა.
გამოფენა 21 თებერვლამდე გაგრძელდება.