„პატრიოტების” პოლიტიკური მდივანი საარჩევნო სისტემაზე: ხელისუფლებას 135/15-ზე მოდელს ვთავაზობთ
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის საკითხის შესახებ ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის რესურსი კვლავ არსებობს.
როგორც თევდორაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსი“ კვლავ გააგრძელებს აქციებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, თუმცა კონსენსუსისთვისაც მზად არიან.
„დღეს ჩვენ ვთვლით, რომ ისევ არსებობს რესურსი იმისა, რომ დიალოგი გაგრძელდეს. მით უმეტეს, საერთაშორისო ზეწოლა იმდენადაა გამძაფრებული, ხელისუფლება ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლებს. ამას დაემატება ქართული საზოგადოებისგან მოთხოვნები, ოპოზიციური პარტიების პროტესტი. ჩვენ ისევ გავაგრძლებთ მანიფესტაციებს, მიტინგებს, სადაც გვექნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა.
მზად ვართ კონსენსუსისთვისაც. ჩვენი წინადადება იყო და შევთავაზეთ ხელისუფლებას 135/15-ზე ვარიანტი, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ 15 მაჟორიტარი ყოფილიყო და 135 მანდატი გადანაწილებულიყო პროპორციული სიით. ამ მოდელში გათვალისწინებულია ის, რომ ყველა რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, ასეთი იქნება 12 მაჟორიტარი და ამასთან, რადგან გვაქვს ის რეალობა, რომ დედაქალაქში თავმოყრილია მოსახლეობის 1/3 ,თბილისი წარმოჩინდეს იმ რეგიონად, რომელსაც ეყოლება 3 მაჟორიტარი პარლამენტში”, – განაცხადა თევდორაძემ.
თამუნა შეყილაძე