რუსკა თევზაძე: “ძვირფასო ჟურნალისტებო“, სულ მცირე უხერხულია, თქვენი მხრიდან ბულინგზე რაიმე ტიპის რჩევებისა და რეკომენდაციების გაჟღერება

“ძვირფასო ჟურნალისტებო“, სულ მცირე უხერხულია, თქვენი მხრიდან ბულინგზე რაიმე ტიპის რჩევებისა და რეკომენდაციების გაჟღერება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსკა თევზაძე წერს.

რუსკა თევზაძე ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს გამოეხმაურა, რომლებიც პოლიტიკოსებისგან ეთიკის ნორმების დაცვას მოითხოვენ და ამ თემას ეთერი მიუძღვნეს. თევზაძე ჟურნალისტებს ჭეშმარიტი ობიექტურობისკენ მოუწოდებს.

“წინდაწინ ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ღირსეული და პროფესიონალი ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის მიმართ, ვაღიარებ მათ უფლებებს!

თუმცა, მსურს, ვურჩიო ზოგიერთ ტელევიზიას და ჟურნალისტს, ვალდებულებების ნაწილიც კარგად გაიხსენონ და შეეცადონ მათ შესრულებას.

12 თებერვლის გვიანი საღამო TV “პირველის” ეთერში ეთმობა ჟურნალისტების მხრიდან იმ პოლიტიკოსების მკაცრ კრიტიკას, რომლებიც ჟურნალისტებს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ, ასევე დიდი დოზით, ცალკეული პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ, თუ რა უღირსი და უგვანო საქციელია ოპონენტების უსაფუძვლო, უარგუმენტო ლანძღვა.

გულწრფელად მაინტერესებს, სად იყო მაშინ ზემოთ ნახსენები ტელევიზია, ან თუნდაც მისი ცალკეული ჟურნალისტი, როცა ანა ლეჟავას გამალებული ბულინგი მიმდინარეობდა უკიდურესად მძიმე ფორმებით. ერთმნიშვნელოვანი და გაცხადებული ცილისწამების ელემენტებით, რომელიც სამართლებრივად დასჯადი კატეგორიაა.

ასე რომ, „ძვირფასო ჟურნალისტებო“, სულ მცირე უხერხულია, მკაფიოდ გამოკვეთილ სუბიექტურობას და მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ, თქვენი მხრიდან ბულინგზე რაიმე ტიპის რჩევებისა და რეკომენდაციების გაჟღერება.

გირჩევთ, როგორმე შეძლოთ, რომ გახდეთ ჭეშმარიტად ობიექტურები, ნეიტრალურები, ნაკლებად აგრესიულები, დაიცვათ ყველა მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ბოლოს გათავისუფლდეთ ერთი მხარის პოზიციონირებისაგან,” – აცხადებს რუსკა თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები