თამარ ჩუგოშვილი: დიალოგის გაგრძელება რთულად წარმოსადგენია, ალბათ, არჩევნები დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება რთულად წარმოსადგენია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, არჩევნები დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

“გიგი უგულავას ამ პერიოდში დაკავებამ დიალოგის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა და ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი, რომლის მიმართ დიდი მოლოდინი ისედაც არ მქონდა. ეს წინასაარჩევნო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. სულ უფრო მცირე დრო რჩება ნებისმიერი ცვლილებისთვის, რომელიც კონსტიტუციაში ან „საარჩევნო კოდექსში“ შეიძლება, შევიდეს. ალბათ, იმას უნდა ველოდოთ, რომ არჩევნები დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელიც 77 პროპორციული წესით და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩევას გულისხმობს. ალბათ, ეს უნდა მივიღოთ უკვე როგორც რეალობა და პოლიტიკური ძალები უნდა მოემზადონ ამ სისტემაში არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები