კელი დეგნანი: საქართველო კორონა ვირუსზე რეაგირებისთვის ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა, განიხილეს აღნიშნული კუთხით მიმდინარე რეფორმები.

უწყების ცნობით, კელი დეგნანმა კორონა ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს.

საუბარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხო. ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს პირველი ქვეყანა სადაც ცე ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება. მან ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვთანამშრომლობთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე შრომით და სოციალურ სფეროში. განვიხილეთ კორონა ვირუსთან დაკავშირებული საკითხები. საქართველო ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს ვირუსზე რეაგირებისთვის. მოხარული ვარ იმით, რომ ქვეყანაში კორონა ვირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. პრევენციის კუთხით ძალიან კარგადაა სისტემა აწყობილი, რაც მოქალაქეების დაცვის გარანტიაა. განვიხილეთ ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც გარკვეულწილად მსგავსია იმისა, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზეც, რასაც სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია მოხდეს, როგორც დასაქმებულთა ასევე ბიზნესის ინტერესების დაბალანსება”, – აღნიშნა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები