დავით ჩიხელიძე: დამშვიდდით, დამნაშავისგან გმირს ვერ გამოძერწავთ

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გიგი უგულავას დაკავებას და პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიცია დამნაშავის პოლიტპატიმრად შერაცხვას ცდილობს.

„ოპოზიცია მიზანმიმართულად განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ისინი ურცხვად ცდილობენ დამნაშავის პოლიტპატიმრად გამოცხადებას, ერთ რჩევას მივცემ ოპოზიციას, დამშვიდდით, დამნაშავისგან გმირს ვერ გამოძერწავთ! რაც შეეხება კონკრეტულად უგულავას საქმეს, ყველა, ვინც საქმის დეტალებში არის ჩახედული, დამეთანხმება, რომ საქმე გვაქვს აშკარა დანაშაულთან და კრიმინალთან, საქმე ეხება დაახლოებით 14 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც ხელფასის სახით „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ჩაერიცხათ (რასაც აქტივისტების ჩვენებებიც ადასტურებს). აღნიშნული თანხა იყო კეთილსინდისიერი გადამხდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს კეთილდღეობასა და საზოგადოებრივ სიკეთეებს მოხმარდებოდა, მიშას ქვეყანაში კი თანხა პარტიული ინტერესების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მცირე ჯგუფს მოხმარდა! დაუშვებელია, პოლიტიკურ საქმიანობას ინდულგენციის წონა ჰქონდეს!

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ არაერთი საქმეა, რომლის გარშემო უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგ: ძველი თბილისის რეაბილიტაცია და იქ გაფლანგული მილიონები, რეაბილიტაციას კომპანია ტენდერის გარეშე ახორციელებდა, ამიტომ ბუნდოვანია, როგორც რეაბილიტაციის ხარისხი, ისე ის, რა კრიტერიუმებით არჩევდა მერია კომპანიებს; ასევე, კითხვის ნიშნებს აჩენს, სახელმწიფოს მიერ „თბილისის განვითარების ფონდისთვის” გადაცემული შენობა-ნაგებობების შემდგომი გასხვისების სქემა. ხოლო რიყის ტერიტორიის გასხვისების სახით, საინტერესო ფენომენთან გვაქვს საქმე, გაუგებარია, როგორ „მოახერხა” სახელმწიფომ, რომ 2006 წელს შპს „ახალი რიყესთვის” თბილისის მერიისგან 7 000 000 აშშ დოლარად გადაცემული ტერიტორია, 2008 წელს კვლავ თბილისის მერიას დაუბრუნა 17 000 000 აშშ დოლარად! ვის ჯიბეში წავიდა 10 მილიონი?”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები