გიორგი ვაშაძე: “პირობას ვდებ – მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწიოს უგულავას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა

“პირობას ვდებ – მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწიოს გიგი უგულავას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. ის აუცილებლად ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი დამარცხდება „ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოში”, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას ასეთი ფაქტები უფრო აძლიერებს.

“მათ აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, აღარც დიდი ფული, რომლის დახარჯვასაც აპირებენ, აღარც ადმინისტრაციული რესურსი და ახლა ფიქრობენ, რომ პერსონალურად პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე გადავლენ და იქნებ ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. ჩვენ ყველა ასეთი ქმედება გვაძლიერებს იმიტომ, რომ ვიცით, გამოსავალი ერთიანობაში და ერთად დგომაშია.

გიგი უგულავა გმირულად შეხვდა გუშინდელ დაკავებას. პირობას ვდებ – მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწიოს მას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. ის აუცილებლად ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი დამარცხდება „ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ სხვასაც დააკავებენ ვისზეც არის სისხლის სამართლის საქმე. ეს შეიძლება იყოს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი, ეს შეიძლება იყოს ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან სხვა ადამიანები, ვისზეც საქმეს თითხნიან, ეს შეიძლება ვიყო მე ან ნებისმიერი სხვა. ივანიშვილის ამოცანა არის ნებისმიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ის გადავიდა ფიზიკურად განადგურებაზე. ღიად ვამბობ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერს? პირდაპირ ვეუბნები – თქვენი არავის ეშინია“, – განაცხადა ვაშაძემ.

​ცნობისათვის, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები