გიორგი მოსიძე: აზერბაიჯანში არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა
სუამ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა გიორგი მოსიძემ დღეს ბაქოში ბრიფინგი გამართა და აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.
მისი თქმით, აზერბაიჯანში არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. გიორგი მოსიძის განცხადებით, ყველა ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბანზე თავისუფლად დაეფიქსირებინა.
„შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დღე აზერბაიჯანში იყო მაღალი სტანდარტებით ჩატარებული. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო პატარა გაუგებრობები, რომელიც ყოველთვის ხდება. თუმცა, საერთო სურათი იყო საკმაოდ ორგანიზებული და თავისუფალი, ვინაიდან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მისულიყო და თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. ამიტომ ჩვენ ეს პოზიცია დღეს დავაფიქსირეთ სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში“,- აღნიშნა გიორგი მოსიძემ.
ცნობისთვის, სუამ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანში მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდა, რომელიც კონკრეტულად არჩევნების დღის მიმდინარეობას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ “მილი მეჯლისის” 125 დეპუტატი უნდა აირჩიოს. აღნიშნულ საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიოს 49 ქვეყნის 132 მედიასაშუალების 199 წარმომადგენელი აშუქებს. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა.