„ყოველ წელს 100 -ზე მეტი პირია მხილებული არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ დანაშაულში“ – ანა დოლიძე პარლამენტში ცვლილებების პაკეტის განხილვას ითხოვს
იურისტი ანა დოლიძე ითხოვს, პარლამენტმა იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა დაიწყოს, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირებზე სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მინდა, ვისაუბრო საკმაოდ მძიმე საკითხზე: ესაა ბავშვებზე სექსუალური ძალადობა საქართველოში. ალბათ, ნახეთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მეც გავხდი ამ საკითხის შემსწრე, როდესაც სულ უცნობმა ადამიანმა „ფეისბუქში“ ჩამიგდო ვიდეო, სადაც ბავშვი ასეთი ფაქტის შესახებ ყვებოდა. როგორც ყველა მოქალაქე უნდა მოიქცეს, დაუყოვნებლივ განვაცხადე ამის შესახებ და დაიწყო გამოძიება. ამავე დროს ამასთან დაკავშირებით ჩვენს სახელმწიფოში არსებულ ვითარებას ჩავხედე. ეს ვითარება არის მრავალმხრივ შემაძრწუნებელი და დამაფიქრებელი.
100 -ზე მეტი ადამიანია ყოველ წელს მხილებული სხვადასხვა ტიპის სექსუალურ დანაშაულში არასრულწლოვნებთან მიმართებაში, 116 შემთხვევა იყო შარშან, 114 წინა წელს. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი. ამავე დროს საქართველოს პარლამენტი არის აბსოლუტურად ინერტული. ჩვენი პარლამენტის წევრები, ფაქტია, უფრო დარდობენ საკუთარ თავებზე, სახლება და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვიდრე მწვავე საკითხების გადაჭრაზე. რაშია საქმე – ერთი წლის წინ შსს-მ პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით ცვლილებათა პაკეტი შეიტანა. მე ამ ცვლილებების პაკეტის ნორმების დიდ ნაწილს მხარს ვუჭერ. ეს პაკეტი ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას. ზოგ დანაშუალთან მიმართებაში სასჯელი არის აბსოლუტურად მსუბუქი, თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს და აშშ- ში საერთოდ არის სრული სიმკაცრე ამ თემაზე. გარდა ამისა, ეს კანონი ითვალისწინებს შემოწმების ზომებს და აკრძალვას, რომ ამ დანაშაულში მხილებული ადამიანები არ მუშაობდნენ რაიმე ფორმით ბავშვებთან. ესეც სწორია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ 1 წლის წინ შეიტანა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ამ პაკეტს დღემდე მსვლელობა არ ჰქონია, არ ყოფილა არც კომიტეტის სხდომები, არც სესია, არც კომიტეტის დასკვნები.
მოგმართავთ ჟურნალისტებს, გავაჟღეროთ ინფორმაცია, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, შსს-მ გასული წლის თებერვალში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განაცხადა.
„სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამუნა შეყილაძე