დუშეთის მერმა კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩარჩენილ მძღოლებს საკვები დაურიგა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება მესამე დღეა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გზის ამ მონაკვეთზე ჩარჩენილ მძღოლებს დუშეთის მერმა საკვები და წყალი მიუტანა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დუშეთის მერიიდან აცნობეს.

“დაბა ჟინვალთან გაჩერებული მგზავრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დღეს მოინახულა და მათ ცხელი საკვები და წყალი მიუტანა. ავტომანქანების მძღოლებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-თიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები