რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მხარის რწმუნებული რეგიონის 68 სკოლაში იმყოფებოდა და პედაგოგებს და მოსწავლეებს პირადად გაესაუბრა. მასწავლებლებს  საშუალება ჰქონდათ საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ  რეგიონის  ხელმძღვანელისგან მიეღოთ.

ჯაფარიძემ მათ რეგიონში მიმდინარე, დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო. ასევე, საზოგადოების ფორმირების პროცესში მასწავლებლის როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსგავსი კომუნიკაცია სკოლებში არსებული ვითარების უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა, რაც ხელისუფლებას ეხმარება პრობლემების უკეთ გააზრებასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში.

მხარის რწმუნებულმა განათლების ახალი რეფორმის სარგებელზე პედაგოგების აზრი მოისმინა.

“უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ჩვენი რეგიონის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი, საკითხის ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკის ფლობით. მოვისმინე მათი მოსაზრებები განათლების სფეროსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მიხარია, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაფასდა მათი დაუღალავი შრომა. დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს. ჩვენ არასოდეს გავწყვეტთ კომუნიკაციას პედაგოგებთან”,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები