ნინო ლომჯარია: ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ საერთოდ ვერ იმსჯელებს, კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში

ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ის საერთოდ ვერ იმსჯელებს წარმოდგენილი კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსის და ჩართულობის შედეგად.

„არაფერი მოულოდნელი ეუთო/ოდირისთვის ამ კითხვასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე პირადად არ მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ოდირი პირდაპირ იტყოდა, კონსტიტუციური იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ გარკვეული მინიშნებები, თუნდაც ირიბად, გაკეთებულიყო მათი მხრიდან, რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე, მოქმედი საკონსტიტუცო ჩარჩოს ფარგლებში, რამდენად შესაძლებელი იყო ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ის საერთოდ ვერ იმსჯელებს წარმოდგენილი კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, მან აპრიორი უარი განაცხადა ამაზე მსჯელობაზე, მან თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციურობის საკითხი და ეს უნდა გადაწყვიტოს ეროვნულმა სასამართლოებმა. ჩვენს შემთხვევაში ასეთია საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა ის არ განიხილავს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ის განიხილავს უკვე მიღებული კანონების კონსტიტუციურობას, შესაბამისად, საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც იტყვის – არის თუ არა კანონპროექტი კონსტიტუციური, მაგრამ ეუთო/ოდირმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, როდესაც მან თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა რა ტიპის საარჩევნო სისტემას აირჩევს, არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი არ ამბობს, რომ კონკრეტულად ეს ან ის სისტემა უნდა ჰქონდეს რომელიმე ქვეყანას, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შერჩეული ფართო, ინკლუზიური დებატის და ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე და ეს ნამდვილად წარმოადგენს მოთხოვნას და საერთაშორისო სტანდარტს, შესაბამისად მათი ძირითადი რეკომენდაციაც არის ის, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსის და ჩართულობის შედეგად”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა პოზიტიური როლი შეასრულა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნა ყოფილიყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ფაქტია, რომ აღნიშნულ დასკვნას მიესალმება როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა პოზიტიური როლი შეასრულა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნა ყოფილიყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი იყო შუამავალი ოპოზიციასა და ეუთო/ოდირს შორის, ვინაიდან სწორედ ჩვენ გვქონდა ის მანდატი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მოსაზრებისთვის შეკითხვა გაგვეგზავნა ეუთო/ოდირისთვის. შეკითხვა გავლილი იყო თავად ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, მე პირადად არაერთგზის წინასწარ ვესაუბრე, მათ იცოდნენ, რა იყო ჩვენი და კანონპროექტის ავტორების, ოპოზიციის მოლოდინები, რა კითხვებთან დაკავშირებით სურდათ, რომ მიეღოთ პასუხი“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები