მარიამ ქვრივიშვილი: ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გვაძლევს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1-მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომას

მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველომ ახალი გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

„ის ფაქტი, რომ საქართველომ უამრავ ქვეყანას შორის გაიმარჯვა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისათვის არის აბსოლუტურად ახალი ერა და ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ჩვენ როგორც საქართველო აღნიშნული გამარჯვების ფარგლებში მივიღებთ 1 მილიარდზე მეტ ადამიანთან წვდომას, გარდა ამისა ჩვენ გვექნება 37 მილიონი ევროს ღირებულების PR და მარკეტინგული მხარდაჭერა გამოფენის ორგანიზატორებისგან. სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმის კუთხით სტატისტიკურად 130 %-ით გაიზრდება. მას შემდეგ რაც წარდგება მასპინძელი ქვეყანა და რა თქმა უნდა ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის ინდუსტრიისთვის, რომელიც ყოველწლიურად ესწრება ჩვენთან ერთად აღნიშნულ გამოფენას და მათ ექნებათ საშუალება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ ბიზნეს ოპერირება და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ფინანსური სარგებელი ტურიზმის ინდუსტრიიდან”,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ადმინისტრაციის განცხადებით, ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს უგზავნის შეტყობინებას, რომ საქართველო საინტერესო და ახალი, მრავალფეროვანი, მიმზიდველი და სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.
ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.
თუ გავეცნობით წინა წლების გამოცდილებას, ITB Berlin მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. ეს კიდევ ერთი დასტურია თუ რამხელა მნიშვნელობა და შესაძლებლობაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მომავალი განვითარებისთვის.
ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის. კონკურსში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში ITB Berlin-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მასპინძელი ქვეყანა საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება.3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin მასპინძლობით საქართველოს 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.
2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები