“ვკითხულობთ ლადოს” – ამ სახელწოდების ღონისძიებით ცაგერი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
ცაგერის მუნიციპალიტეტმა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ქართველი პოეტის ლადო ასათიანის მშობლიურ სოფელ ბარდნალაში აღნიშნა. ღონისძიებაზე ბარდნალის ლადო ასათიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მწერლის სახლ-მუზეუმში ლექსები წაიკითხეს. კულტურის ცენტრის მომღერლებმა კი პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მოადგილეებთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ესწრებოდნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და წიგნიერების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
“ბავშვებმა და პედაგოგებმა ლადოს ლექსები, წაიკითხეს, მისი ხანმოკლე და შინაარსიანი ცხოვრება გაიხსენეს. ჩვენს რეგიონს ზოგადად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს წიგნიერებასთან, ამ ლამაზ მხარეში არაერთი სახელოვანი პოეტი და მწერალი დაიბადა და აღიზარდა”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას.
ცაგერის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტი სიხარულით შეუერთდა ამ მართლაც მნიშვნელოვან დღეს და იგი ლეჩხუმელთათვის ყველაზე საამაყო ადამიანის, ლადო ასათიანის მუზეუმში ჩატარდა.
„ღონისძიებას შემოქმედებითი სახეც აქვს და სახელიც – „ვკითხულობთ ლადოს“, ასე დავარქვათ, დღევანდელი ღონისძიება მუნიციპალიტეტის პატრონაჟით და ჩვენი სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მადლობა მინდა ვუთხრა ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორს მთვარისა ახვლედიანს და მის შესანიშნავ მოსწავლეებს“, – თქვა კვირიკაშვილმა.
ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ომანაძე ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია და დასამახსოვრებელი დღე, რომ ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი – ლადო ასათიანის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვიდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა და სიმბოლურია, რომ ლეჩხუმი ამას სწორედ დიდი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმიდან უერთდება”, – თქვა სალომე ომანაძემ.