წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წალენჯიხაში აღნიშნეს

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა. წალენჯიხაში პოეტის მუზეუმის ეზოში ლიტერატურული საღამო გაიმართა, სადაც გრანელის შემოქმედება წაიკითხეს, ასევე პოეტზე დაწერილი ლექსები საზოგადოებას წარუდგინეს.

როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ შექმნა გრანელის პორტრეტი, რომელშიც შტრიხების შეტანა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო, საბოლოო ჯამში ერთობლივად შექმნილი პორტრეტი მუზეუმს გადაეცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე ლაშა გვასალიამ გრანელის შემოქმედებაზე და პოეტის როლზე ისაუბრა.

გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯარო კითხვის კვირეული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები